დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 3 ნოემბრიდან შიმშილობს, ამბობს, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაეწყო, რის გამოც გადასხმებს დათანხმდა.
ხოშტარია წერს, რომ ექიმმა მას ჰოსპიტალიზაცია შესთავაზა, რაზეც უარს ამბობს. მისივე თქმით, შიმშილობას არ წყვეტს.
"გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.
თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!" - წერს ხოშტარია.
სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც.