კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას პრეზიდენტის ქართული ქარტიის მიმართ და აღნიშნავს, რომ ქარტიის შინაარსი მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის ახლა ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი იმყოფება.
ხოშტარიამ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ქარტიის მნიშვნელობაზე და მის შინაარსზე.
"კოალიცია ცვლილებისთვის სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და მინდა გამოვხატო სრული, უპირობო, ურყევი და პრინციპული მხარდაჭერა და ერთგულება ქართული ქარტიის მიმართ. ნდობა და სიტყვის ერთგულება არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და არის საფუძველი ნებისმიერი არამხოლოდ პოლიტიკური პროცესის, არამედ ზოგადად, სამართლიანი, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ჩვენი სიტყვის ერთგულები.
ქარტიის შინაარსი ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის წინაშეც იმყოფება ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი. ქარტია შეგვიყვანს ჩვენ ევროპაში, დაგვაბრუნებს ევროპის გზაზე და გაგვხდის იმ მშვიდობის და განვითარების სივრცის ნაწილად, რომელსაც საქართველო იმსახურებს. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ქარტიაში აღნიშნული ხელისუფლების ფორმირების პრინციპს.
ეს არის არაპარტიული, კონკრეტული მანდატით და ამოცანებით დროებითი მმართველობა. ეს არის ძალაუფლების კონტროლი მათ შორის ძლიერი სასამართლოს მხრიდან. შემდეგი არის სამართლიანი არჩევნები, რომლის მომზადებაც იქნება მთავარი ამოცანა ჩვენი კოალიციური მმართველობის და რომელიც დაუბრუნებს ჩვენ საზოგადოებას ფუნდამენტურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
დაბოლოს, ეს არის რუსული კანონის და რუსული რეპრესიული ინსტიტუტების გაუქმება, რომელიც ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ.
სწორედ ამ პრინციპული პოზიციების და შინაარსის გამო, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ, რომ ვაპირებთ არათუ დავემორჩილოთ, არამედ ესაა ჩვენი განმსაზღვრელი პოლიტიკური გზა და ჩვენ ამაზე გვექნება ბევრი კონკრეტული ინიციატივა კამპანიის განმავლობაში"- თქვა ხოშტარიამ.
***
ქართული ქარტია, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.