logo
ENG



ხოშტარია: 2 კვირის განმავლობაში უკრაინიდან სიახლეები იქნება ივანიშვილის სანქცირებაზე

23 სექ 202216:49
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ივანიშვილისა და მისი ბიზნეს-ოლიგარქების სანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინიდან სიახლეებს ელიან.

ელენე ხოშტარია ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საუბარია იმ 12 ქართველ ოლიგარქსა და რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ვინც უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ 15 ადამიანისგან შემდგარ სიაში შედის. ამ ადამიანების მიმართ უკრაინა დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებას ითხოვს. 

ხოშტარიას ცნობით, უკრაინის ანტისაოკუპაციო სააგენტომ, პირდაპირი კავშირი დაამყარა ლონდონის საფონდო ბირჟასთან და სააგენტოს მიერ წარდგენილი პირების სანქცირების შემთხვევაში, ამ ადამიანებს "კონკრეტული ფინანსური დისკომფორტი" შეექმნებათ. 

„დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უკრაინის მხრიდან იქნება სანქციების ახალი ტალღა. ჩვენ ვიცით, რომ 12 ადამიანი ქართველი - ოლიგარქებთან, რუსეთთან დაკავშირებული უკვე შეყვანილია სასანქციო სიაში. ანუ ამ ადამიანებზე მოწოდებაა მსოფლიოში რომ ისინი იყვნენ სანქცირებულები და მათი ნაწილის, მიმართ როგორც მინიმუმ უკრაინის მხრიდან სანქცირება იქნება.

უკრაინის ანტისაოკუპაციო სააგენტომ პირდაპირი კავშირი დაამყარა ლონდონის საფონდო ბირჟასთან და მათ სიაში შესული ხალხს საფონდო ბირჟა გაითვალისწინებს. ანუ კონკრეტული ფინანსური დისკომფორტი შეექმნება იმ ხალხს ვინც სააგენტოსგან იქნება მითითებული“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ხოშტარია საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (LSEG) მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილთან და "მის საყრდენ ოლიგარქებთან" ბიზნეს გარიგებების დადება, მათ კომპანიებში ინვესტირება, დონორებთან თანამშრომლობა სარისკო გახდება, რაც პრაქტიკულად ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას ნიშნავს.

"ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი (LSEG), კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია City-ს საფონდო ბირჟის მენეჯმენტზე, ცოტა ხნის წინ სანქციების გარანტიები მისცა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, NAPC-ს. ისინი დაეყრდნობიან NACP-ის რეესტრს საკუთარი მონაცემთა ბაზის განახლებისას. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და მის საყრდენ ოლიგარქებთან ბიზნეს გარიგებების დადება, მათ კომპანიებში ინვესტირება, დონორებთან თანამშრომლობა ხდება სარისკო. ეს ფინანსურ რესურსებზე წვდომის პრაქტიკულად შეზღუდვას ნიშნავს“ - წერს ელენე ხოშტარია.

5 სექტემბერს უკრაინულმა მხარემ 15-კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც დაასახელა ადამიანები, რომელთა დასანქცირებასაც ითხოვს. სიაში 12 ქართველია. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებგვერდზე ვრცელდება.

აღნიშნულ სიაში მოხვედრის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა დასახელებული. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ კანდიდატებს რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან კავშირი აერთიანებს.

სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. სიაშია ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული.

ამასთან, სანქცირებულთა სიაშია ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. 

სანქცირებულთა სიაში კიდევ მოხვდნენ: ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი.

მოძრაობა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 12 ივნისს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბიზნეს-ოლიგარქების, სასამართლო კლანის, პროკურატურის, პოლიციის სუსის დასანქცირება მოითხოვა

 

close დახურვა