უკრაინული მხარე 15-კაციან სიას აქვეყნებს, სადაც ასახელებს ადამიანებს, რომელთა დასანქცირებასაც ითხოვს. სიაში 12 ქართველია. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებგვერდზე ვრცელდება.
აღნიშნულ სიაში მოხვედრის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა დასახელებული. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ კანდიდატებს რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან კავშირი აერთიანებს.
სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. სიაშია ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული.
ამასთან, სანქცირებულთა სიაშია ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში.
სანქცირებულთა სიაში კიდევ მოხვდნენ: ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი.
სანქციების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დავით ხიდაშელი სანქცირების მოთხოვნას "პროვოკაციებსა და აფერისტობებს" უწოდებს.
"არ ვიცი, ალბათ ახალი ზღაპრებია. პროვოკაციებს და აფერისტობებს აქვს ადგილი. ერთი მიზეზი მაინც დაასახელონ, მეც რომ დავიწყო თქვენზე ტყუილი ბრალდებები და თქვენ კანონის ძალით ვერ გამაჩეროთ, ან საქვეყნოდ დამსაჯოდ, აბა მისაღებია? კანონი ვერ მიგიღიათ თავის დასაცავი, სხვა რაზე შეიძლება ლაპარაკი"- ამბობს ის.