logo
ENG



ხოშტარია რურუას პატიმრობაში დატოვებაზე: გზავნილია, რომ ოცნებას სიტუაციის ნორმალიზება არ სურს

11 ივნ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ოპოზიცია ფაქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რურუა საპატიმროს აუცილებლად დატოვებს, უბრალოდ, გადასაწყვეტია როდის მოხდება ეს - არჩევნებამდე თუ მის მერე.

„ეს, გასაგებია, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დაამძიმებს შთაბეჭდილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მის პოლიტიკურ რეჟიმზე აქვთ დასავლეთში. გიორგი რურუა საპატიმროს აუცილებლად დატოვებს თუ არჩევნებამდე არა, არჩევნების შემდეგ, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილებით ივანიშვილი საკუთარ განაჩენსაც წერს, რადგან ვხედავთ, რომ ის უკვე პოტენციურად მოიაზრება ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც დასავლეთმა სანქციების რეჟიმი უნდა შემოიღოს“, - აცხადებს სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს სიტუაციის ნორმალიზება არ სურს. 

„სამართლებრივად ეს კატასტროფული უკანონობაა იმიტომ, რომ ყველა მსგავს საქმეზე, როგორც მინიმუმ მოწმეების დაკითხვის შემდეგ, უბრალოდ, არანაირი საფუძველი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ზოგადად, შეკერილი საქმეა ეს. პოლიტიკურად, ეს გზავნილია, რომ ქართულ ოცნებას სიტუაციის ნორმალიზება არ უნდა. იმიტომ, რომ ეს შეთანხმების დარღვევაა და ასევე, ეს არის საერთაშორისო გზავნილი, რომ ისინი არ უსმენენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ გიორგი რურუაზე, საუბრობენ 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე“, - აცხადებს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას მხარეებს შორის დადებული 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს.

გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

 


close დახურვა