logo
ENG



ხოშტარია უკრაინელ ლტოლვილებზე: ჩვენ ეს ხალხი გავაგდეთ

01 აგვ 202215:28
3 წუთის საკითხავი
 

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროებიდან გამოსახლება და დაფინანსების პროგრამის შეწყვეტა არის მტრული ნაბიჯი.

"ეს ხალხი, ვინც ჩამოსულია განსაკუთრებით მძიმე ადგილებიდან არიან, მაგალითად მარიუპოლიდან, მელიტოპოლიდან. ისინი მოჭრილები იყვნენ დანარჩენ უკრაინას და ამიტომ მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მე პირადად მაქვს მათთან კონტაქტი. ეს არის წარმოუდგენელი ისტორიები, მე ვუფრთხილდები მათ ტრავმებს, საზოგადოების ტრავმებს. თქვენ რომ მოისმინოთ რას ყვება ეს ხალხი და რა გაიარეს მათ, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება. ბავშვებმა წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი გამოიარეს, ქალებმა კი გაუპატიურება, ისინი მთელი ცხოვრება შშმ-ებად რჩებიან". - განაცხადა მან. 

ხოშტარიას განცხადებით ხელისუფლების სპეკულირება იმით, რომ მათ ფული აღარ აქვთ, არის სრული ტყუილი. მისი განმარტებით შესაძლებელია, რომ ქვეყანამ კონკრეტულად უკრაინელი ლტოლვილებისთვის საერთაშორისო დაფინანსება მიიღოს.

"ბრიტანეთში არსებობს ფონდები, რომელთა თანხმებიც იხარჯება უკრაინელ ლტოლვილებზე ქვეყნის გარეთ. თუ მთავრობა მიმართავს ევროკავშირს, გაეროს და ცალკეულ ქვეყნებს დევნილების დახმარებისთვის, ამისთვის ფულის მოპოვება შესაძლებელია. არავის ამაზე არ უმუშავია. ლოკალურად გაეროდან ორი კაპიკი იშოვეს, 2 თვით რაც არაფერი არ არის, ამ ხალხს ამით ვერ შეინახავ. მთელი მსოფლიო ფეხზე დგას. მსოფლიოში უკრაინელი ლტოვილებისთვის ფულის პრობლემა არ არსებობს. უბრალოდ ამას სჭირდება ნება და ორგანიზება". - ამბობს დროას ლიდერი. 

"დროას" ლიდერის განცხადებით დღეს დაახლოებით 800 უკრაინელია დასაბინავებელი. 300 უკრაინელს უკვე უპოვეს თავშესაფარი. 

"ამის ფულს ვიხდით და გადავიხდით შემოწირულობებით. ხალხი რეკავს და საკუთარ სახლებსა და ბინებს უთმობენ უკრანელ ლტოლვილებს. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ უფრო გრძელვადიანი იყოს ეს დახმარება... ჩვენ ეს ხალხი გავაგდეთ. 2300დან ვინც ჩამოვიდა, 2 კვირის წინ როცა უთხრეს პროგრამის შეწყვეტის შესახებ, ნაწილი უბრალოდ ნასესხები ფულით გავიდა აქედან ევროპაში. გასაგებია, რომ ევროპას უფრო მეტი რესურსი აქვს, მაგრამ შეგვიძლია ეს რესურსი აქაც შემოვიტანოთ. როგორ უნდა გააგდო ომის დროს დევნილი ტრავმირებული ბავშვები, რომლებიც ტანსაცმელსაც არ იხდიან ბომბების შიშის გამო. ესეთი ბავშვი ჩემოდნით ხელში, ქუჩაში როგორ უნდა გამოაგდო."- ამბობს ელენე ხოშტარია.

31 ივლისს, უკრაინელი ლტოლვილების საქართველოს სასტუმროში განთავსების პროგრამა დასრულდა. 

თბილისის მერიის განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.

"რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება."- თბილისის მერია.

 


close დახურვა