logo
ENG



ხოჯევანიშვილი: მთავრობის გადადგომას აზრი არ აქვს, ცვლილებები არჩევნების გზით უნდა მოხდეს

12 ივლ 202114:14
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას გუნდის (საქართველოსთვის) წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში მთავრობის გადადგომას "აზრი არ აქვს".

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ცვლილებები არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს.

"ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია და ეს იქნება უახლოეს არჩევნებზე. მთავრობის გადადგომას დღეს არანაირი აზრი არ აქვს, იმდენად დისკრედიტირებულია მთლიანად ხელისუფლება და სამთავრობო გუნდი. ამიტომ, ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით", - თქვა ხოჯევანიშვილმა.

კითხვას - ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხოჯევანიშვილმა ასე უპასუხა:

"როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დადგეს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნახოს, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მსგავს ტრაგედიებზე. ეს იყო ორკესტრირებული შეტევა მედიაზე იმ დღეს, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მოქალაქეების, მათ შორის მედიის უსაფრთხოება", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვისაც მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან აქვს კავშირი.

"უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვისაც იმ დღეს შემხებლობა ჰქონდა სამარცხვინო აქტთან, როგორიც იყო მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართული ცემა. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ ინსტიტუციები არი არის ჩამოშლილი და დარღვეული, რისი ნიშნებიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გუშინ, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა, მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

მათ ირაკლი ღარიბაშვილს ვადა 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს იმისათვის, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. გარდა ამისა, ის ჟურნალისტებს დაემუქრა, რომ თუ თუ აქციის მონაწილეების ქმედებები კანონის ფარგლებს გასცდება, ამისთვის "ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი".


close დახურვა