logo

ხუხაშვილი Edison Research-ის კვლევაზე: ინტრიგა ჯერ კიდევ ძალაშია

clock 11 clock 343 clock 15 სექ 202022:42

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგების გასაღები გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.

როგორც ხუხაშვილმა Edison Research-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას ფორმულას ეთერში განაცხადა, არჩევნების შედეგები ოპოზიციის კამპანიაზე იქნება დამოკიდებული.

"ეს მონაცემები ზღვარზე გადის და მოვლენების ნებისმიერი განვითარების თეორიული შანსი რჩება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების შედეგების გასაღები გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია, ამ ფრონტზე განვითარდება ძირითადი ბატალიები. ეს ამომრჩეველი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩამოყალიბდება. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის კამპანიაში, ხელისუფლების კამპანიაზე ეს დამოკიდებული არაა. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს ხმას თუ ოპოზიციაში მისთვის ღირსეულ არჩევანს ვერ ნახავს და გადაწყვეტს ერთჯერადად გაიყიდოს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, არჩევნების მთავარი ინტრიგა იმაშია, შეძლებს თუ არა ხელისუფლება თითონ ან თავისი მცირე პარტნიორებით, რომლებიც ჯერჯერობით არ ჩანან, ძალაუფლების შენარჩუნებას. 

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯამში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 94%  აპირებს.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტების 75% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს. 19% კი ამბობს, რომ "ალბათ მიიღებს".

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 3% არჩევნებში მონაწილეობას "ალბათ არ მიიღებს".

3% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა