ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს 31 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვევების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად აწვდის. როგორც ჯაფარიძე ამბობს, არჩევნებზე დაფიქსირდა ვიდეო და ფოტოგადაღებები და შეუსაბამობები ბიულეტენების რაოდენობასა და მოსულ ადამიანებს შორის.
"დარღვევების შესახებ ინფორმაციას მივაწვდით კონსოლიდირებულად. მათ შორის, ვიდეო გადაღებები ფოტო გადაღებები, შეუსაბამობები ბიულეტენების რაოდონობებსა და მოსულ ადამიანებს შორის, სადაც პირდაპირ ფიქსირდება კარუსელები.
ჩვენ ამის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას, ეს პროცესი განგრძობადია დროში",-თქვა ჯაფარიძემ.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და გაყალბდა. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.
იყო ე.წ კარუსელებიც. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა.
ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.