logo
ENG



ჯაფარიძე: ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ ხალხი ოცნების საბანკო მონოპოლიისგან გათავისუფლდეს

21 აგვ 202411:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/21/plhlyti59zvolvy.jpg

პლატფორმა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების ანტიამერიკული პოლიტიკის ფონზე, პლატფორმა ცდილობს "ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას, ქართულ-ამერიკული პარტნიორობისთვის ახალი სიცოცხლის მიცემას".

ამ კონტექსტში მან აშშ-ში პლატფორმის ლიდერების - თინა ბოკუჩავას და გიორგი ვაშაძის ვიზიტი ახსენა და თქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან აშშ-ის პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებს და ყურადღებას ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე ამახვილებენ.

გია ჯაფარიძის თქმით, ინვესტიციები დაეხმარება საქართველოს უმუშევრობის დაძლევაში. ასევე, ხაზი გაუსვა საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთს და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების საბანკო მონოპოლია პირდაპირ აღარიბებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი პენსიონრებს.

"თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აგრძელებენ ვიზიტს ჩიკაგოში, სადაც მიწვეული არიან ამერიკის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. გუშინ ისინი დაესწრნენ პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლას, ასევე შეხვდნენ ამერიკელ სენატორებს. ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან და შეხვდებიან ამერიკის პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებს.

მაშინ, როცა ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს და ანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრულ ურთიერთობებს, ერთიანობის მიზანია ახალი სიცოცხლე მისცეს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას, მოიზიდოს ამერიკული ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი ამერიკული ფინანსები ჩაიდოს ქართულ ეკონომიკაში.

ინვესტიციები დაეხმარება საქართველოს უმუშევრობის დაძლევაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში და ასევე, საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში, თუ არა განახევრებაში. საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საქართველოში ძალიან მაღალია, რაც გამოწვეულია ქართული ოცნების პოლიტიკით და იმ საბანკო მონოპოლიით, რაც შექმნა ოცნებამ.

ქართული ოცნების საბანკო მონოპოლია პირდაპირ აღარიბებს, ატყავებს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით პენსიონერებს. როცა ადამიანებს არ აქვთ სხვა არჩევანი, მათ უწევთ, რომ აიღონ ძვირი საბანკო სესხი. საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ წამლებისა და საკვების ყიდვა, სიღარიბის გამო ქვეყანა ცარიელდება, სწორედ ამის გამო, ისინი იღებენ ძვირ სესხებს.

არ ფუნქციონირებს საქართველოში არცერთი უცხოური ბანკი. თუ ჩვენ შემოვიყვანთ უცხოურ ბანკებს, ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია, მოქალაქეებისთვის დაიკლებს სესხზე საპროცენტო განაკვეთი. ამის გამო არიან ერთიანობის ლიდერები ამერიკაში, პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენით და გაძლიერებით ჩვენ შეგვიძლია დასავლური ინვესტიციების შემოტანა საქართველოში, რაც დაშლის ქართული ოცნების შექმნილ საბანკო მონოპოლიას, რომელიც სიღარიბეში აცხოვრებს ხალხს. 

ერთიანობა მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ საქართველოში დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა, როგორც ეს არის ამერიკასა და ევროპაში, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ქართული ოცნების საბანკო მონოპოლიისგან გათავისუფლდნენ და შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. დასავლური ინვესტიციებისთვის, მაღალი ხელფასებისთვის, ღირსეული პენსიისთვის და სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთისთვის ერთიანობის გამარჯვება არის ერთადერთი გამოსავალი", - თქვა გია ჯაფარიძემ. 


close დახურვა