ბადრი ჯაფარიძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება თითის ანაბეჭდით ხმის მიცემის შესაძლებლობაზე არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საფუძველი.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ელექტრონული სისტემა კი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ტექნიკური ასპექტი ამ არჩევნების კარგად ჩასატარებლად.
ჯაფარიძისთვის ასევე მიუღებელია კობახიძის შეთავაზება ბიულეტენების გადათვლის შესახებ.
"ეს შეიძლება გაკეთებულიყო არჩევნების შემდეგ, უახლოეს 2-3 დღეში. მაშინ ამ გადათვლას ექნებოდა აზრი, 3 თვის შემდეგ გადათვლაზე საუბარი არის თვალებში ნაცრის შეყრა. ამის არავის არავის აღარ სჯერა. რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე უნდა განხორციელდეს რიგი ცვლილებები, რათა ტექნიკურად შემცირდეს თაღლითობის და მანიპულაციის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ტექნიკური ასპექტი არის ელექტრონული სისტემის შემოღება". - თქვა ჯაფარიძემ.
ირაკლი კობახიძემ გუშინ, 11 იანვარს თქვა, რომ ქართული ოცნება მუშაობს საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის თითის ანაბეჭდით მიცემის საშუალებას იძლევა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, "დაასრულონ საბოტაჟი და შევიდნენ პარლამენტში, ვინაიდან ამან პარლამენტში ევროპელი დემოკრატების შესვლით აზრი დაკარგა". კობახიძის შეთავაზება ოპოზიციის მიმართ არის ხმების გადათვლასა და არჩევნების შესახებ საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა.
სხვა ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია, პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, "თუ ხელში ეჭირება გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, პარლამენტში შევა". მისივე თქმით, "რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი აქტია, საარჩევნო წესების ცვლილება კი სამარადჟამო".
უცნობია, როდის ჩატარდება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი.