logo
ENG



ჯაფარიძე მთავრობას: თავი დაგვანებეთ, არც ერთ შტაბში არ შეგიშვებთ, ფიზიკურად დავდგებით

17 ოქტ 202012:32
3 წუთის საკითხავი
clock 1608

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე 16 ოქტომბერს თბილისში "სახელოსნო ბარში", სადაც პარტიის საარჩევნო შტაბია განთავსებული, შრომის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლების შესვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "თუ სახელმწიფო მსგავს ქმედებას კვლავ გაიმეორებს, გირჩი საკუთარ შტაბს ფიზიკურად დაიცავს". ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო გირჩს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის.

ჯაფარიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლა გააგრძელა, საქმის კურსში ჩააყენებენ საქართველოში მყოფ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას.

"ბოლო რამდენიმე კვირაა, თბილისში, რუსთავსა და ბათუმში ფუნქციონირებს გირჩის რამდენიმე შტაბი. ამ შტაბების ნაწილი განთავსებულია ბარებში. იქ მივიდნენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც მოიხმარნენ სხვადასხვა სასმელს. გუშინ საღამოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ორკესტრირებულად შევარდა ყველა ჩვენს შტაბში და რამდენიმე მათგანს ზეპირსიტყვიერად უთხრა, რომ დააჯარიმებდნენ.  ეს არის ცალსახად ჩვენი კამპანიისთვის ხელის შეშლა. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, თავი დაანებონ ყველა ჩვენს შტაბს. არც ერთ შტაბში აღარ შევუშვებთ. ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცვათ. ფიზიკურად არ შევუშვებთ და დასჭირდებათ ჩვენი დარბევა. დღეს საღამოს რიყეზე გვაქვს დიდი ღონისძიება, სადაც ასევე იქნება ბევრი ჩვენი მხარდამჭერი, სადაც ვაპირებთ ალკოჰოლის მოხმარება და ვაპირებთ, იქ შევიძინოთ ალკოჰოლი და არ მივიტანოთ ბოცებით. ასეთი კამპანია გვაქვს და თავი დაგვანებეთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, როგორც კი ძალაუფლება გირჩის ხელში გადავა, პირველ რიგში, შრომის ინსპექციას გააუქმებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელში პოლიტიკურ იარაღადაა ქცეული.

16 ოქტომბერს "სახელოსნო ბარში" შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები შევიდნენ. შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ბარმა დაარღვია სახელმწიფოს დაწესებული რეგულაცია და ის 10 000 ლარით დაჯარიმდებოდა. 

გირჩში კი აცხადებდნენ, რომ ბარში მათი საარჩევნო შტაბია გახსნილი, შესაბამისად, მათ მთავრობის რეგულაცია არ დაურღვევიათ.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და ყველა გასართობი ობიექტი 22:00 საათიდან დაიხურა. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურ კამპანიებზე არ ვრცელდება.


close დახურვა