logo
ENG



ჯაღმაიძე: არ წარმომიდგენია, რომ "პოლის ჯოხის" გადატეხვის შემდეგ ბავშვი დარჩეს ჯანმრთელი

16 ივნ 202110:38
3 წუთის საკითხავი
 
ჯაღმაიძე: არ წარმომიდგენია, რომ "პოლის ჯოხის" გადატეხვის შემდეგ ბავშვი დარჩეს ჯანმრთელი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ "არ წარმოუდგენია, "პოლის ჯოხის" გადამტვრევის შემდეგ ბავშვი ფიზიკურად ჯანმრთები დარჩეს". ამის შესახებ მან ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობის საკითხზე საუბრისას თქვა.

როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, "რიგი მონათხრობი" სიმართლე არ ჰგონია. მისივე განცხადებით, ეს ისტორიები გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია.

"გამოსაკვლევია ის, რომ რკინის კეტით სცემდნენ ბავშვს; გამოსაკვლევია, რომ "პოლის ჯოხი" გადაატეხეს თავზე; გამოსაკვლევია ის, რომ 2 დღე-ღამის განმავლობაში ბავშვი არ დააძინეს. როგორ წარმოგიდგენიათ, 2 დღე-ღამის განმავლობაში როგორ არ უნდა დააძინონ ბავშვი. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ჩვეულებრივი ნათქვამი არ არის, ამას სჭირდება გამოძიება, ერთმა სადისტმა აღმზრდელმა არ დააძინა 2 დღის განმავლობაში თუ რამდენიმე მორიგეობდა, რომ ბავშვს არ დაეძინა, ხომ გამოსაკვლევია, საინტერესო, დაუჯერებელი ამბავია, ამიტომ გამოსაკვლევია, დიახაც. მე არ წარმომიდგენია, რომ "პოლის ჯოხის" გადატეხვის შემდეგ ბავშვი დარჩეს ფიზიკურად ჯანმრთელი", - თქვა ჯაღმაიძემ.

ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება. პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა