logo
ENG



ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაზე: ესაა ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა, მეუფე სტეფანეს მხარს ვუჭერთ

08 მარ 202122:09
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში, განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეპარქიის ახალ მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამან მრევლისა და მღვდელმსახურების პროტესტი გამოიწვია და მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილების მოთხოვნაა, გაირკვეს სიმართლე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ მსახურების საკითხს.

ჯაღმაიძის შეფასებით, ის რაც დღეს ეპარქიაში მოხდა, "არის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა" და "თავხედობა".

"ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ის რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა - შესაძლებელი არის მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ თანამედროვე ეკლესიას არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ მოქალაქეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდის", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვას - ვის მიმართ არის ეს ბრალდებები, მამა ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს: "ვინც უვარდებოდა". 

"ეს არის საკუთრება, სადაც ნებართვის გარეშე შესვლა არავის აქვს. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომელიც ჩვენ გვიკავშირდებოდა. გვიანობამდე განცხადება ვერ გავაკეთეთ, დეტალებს ვარკვევდით. მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით", - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე. 

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების დაშავებას, მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ეს სამწუხარო ფაქტია. 

"ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი, რომ ჯანმრთელობა დაუზიანდა ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს - ეს სამწუხარო ფაქტია. ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას. აივანი საკმაოდ ვიწროა, ბევრი ხალხი იყო ასული, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები", - თქვა მან. 

ცნობისთვის, პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ. მათ შორისაა ფორმულას ოპერატორი.


close დახურვა