logo
ENG



ჯონსონი: ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვებზე

01 თებ 202223:22
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონი: ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვებზე

ბორის ჯოსონმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა მიზეზებზე, რატომ არის უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანი დიდი ბრიტანეთისთვის. 

პრემიერმინისტრმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება.

"ვიღაცამ თქვა, რომ [რუსეთის მხრიდან] მუქარას ვაზვიადებთ, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ, ეს ყოველივე გააბუქოს. ეს ასე არ არის. რაც ხდება, აშკარა და არსებული საფრთხეა. 

მიზეზი, რის გამოც დიდი ბრიტანეთისთვის უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია, რის გამოც დასავლეთი ცდილობს გაერთიანებას, პირველ რიგში, არის უკრაინა. ამასთან, ეს ეხება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. 

ეჭვგარეშეა, რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი პუტინი უკირანისთვის დამიზნებული იარაღით. 

როცა ახალგაზრდა ვიყავი, ბერლინის კედელი დაინგრა. ამ მოვლენამ გვაჩვენა, რომ ყველა ქვეყანა თავისუფალია, აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსი. პუტინს ამის აღმოფხვრა სურს ახალი იალტისა და გავლენის ზონების შექმნის მცდელობით.

კრემლის ამბიციები გაგრძელდება. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე". - თქვა თქვა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კიევში დღეს, 1-ლ თებერვალს ჩავიდა. მან განაცხადა, რომ უკრაინას, გარდა აქამდე გაწეული სამხედრო თუ სხვა ტიპის დახმარებისა, კიდევ 88 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს უკრაინის კარგი მმართველობის და ენერგო დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. 

ბორის ჯონსონი უკრაინის საკითხზე სასაუბროდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ხვალ, 2 თებერვალს შეხვდება. 


close დახურვა