logo
ENG



ჰოჯესი: საქართველომ უნდა აიმაღლოს ხმა, რომ რუსეთი აგრესორია და ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში

01 თებ 202216:58
3 წუთის საკითხავი
 
Forbes

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს რომ საქართველომ მკაფიოდ უნდა ისაუბროს რომ რუსეთის აგრესორია და ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება საერთო იმპერიული ნარატივის ნაწილია.

ამის შესახებ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ ვებინარზე ისაუბრა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და უკრაინაში დაძაბულ მდგომარეობას ეხებოდა. 

მკვლევარი შოთა ღვინერიას კითხვაზე, რა შეუძლია საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, რომელსაც ასევე ეხება რუსეთის აგრესია, გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და გახდეს უკრაინის გარშემო ერთიანი დასავლური პოლიტიკისა და ნაბიჯების მონაწილე, ჰოჯესმა განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის აგრესიაზე ხმამაღლა უნდა ისაუბროს და წარსულის ქმედებებზე კრემლს პასუხისმგებლობა დააკისროს.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველო უნდა იყოს ხმამაღალი, მკაფიო და ძლიერი თავის მესიჯებში ყველა იმ ადამიანის მიმართ ევროპაში ვისაც მათში ეჭვი ეპარება, რომ რუსები ისევ აქ არიან, საქართველოში და ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება უბრალოდ ყველაზე ახალი ფაზაა იმის, რაც დაიწყო 2008 წელს.

ეს არაა ერთმანეთისგან განცალკევებული მოვლენები. აქ არის მოდელი, რომელიც რუსეთმა დახვეწა, როცა ის შედის ქვეყანაში, ამბობს სხვადასხვა მიზეზი თავის ქმედებებზე და საბოლოოდ ჩნდება საერთაშორისო არენაზე, სადაც ცვლის ქმედებების ზოგად ნარატივს.

ასე რომ, საქართველო უნდა იყოს ხმამაღალი და მკაფიოდ და ურყევად ისაუბროს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს რომ ის, რაც მოხდა 2008 წელს და შემდეგ 2014-ში და ახლა 2022-ში არის ერთი ხაზის ნაწილი და რუსეთი არასდროს იხევს უკან, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ეს, ჩემი აზრით, ერთი და იგივე ამბავია - კრემლის მცდელობა დაიბრუნოს იმპერია: არა საბჭოთა კავშირი, არამედ იმპერია. ესაა ერთ-ერთი გზა, რომლითაც საქართველოს შეუძლია გაწიოს დახმარება.

არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ შედარებით პატარა ქვეყნების ხმის მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანოებში იქნება ეს ეუთო, გაერო თუ საერთაშორისო სასამართლოები. ყველა ადგილას აიმაღლეთ ხმა შეუცდომლად რომ რუსეთო, შენ ხარ აგრესორი შენ ეს ჩვენ უკვე გაგვიკეთე და ახლა იმავეს აკეთებ უკრაინაში და დააკისრეთ მათ პასუხისმგებლობა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. 


close დახურვა