logo
ENG



​ბელარუსში შექმნილი ვითარება ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინთან განიხილა

15 აგვ 202017:43
3 წუთის საკითხავი
clock 334

​ბელარუსში შექმნილი ვითარება ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინთან განიხილა. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კრემლის ცნობით, პრეზიდენტები დარწმუნებული არიან, ბელარუსში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე მოგვარდება.

ვლადიმერ პუტინთან დარეკვამდე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები არა მხოლოდ ბელარუსისთვის, არამედ მოკავშირე რუსეთისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ეს ბოლო ერთ თვეში ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის რიგით მეორე სატელეფონო საუბარი იყო.

ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.

არჩევნების გაყალბებისა და მილიციის ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში მეშვიდე დღეა გრძელდება. ხვალ მინსკში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსვლელობა, ე.წ. თავისუფლების მარში იგეგმება.

 

გუშინ პარლამენტის შენობასთან ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეებს გაფიცული ქარხნების თანმშრომლებიც შეუერთდნენ, ძალოვნებმა კი სოლიდარობის ნიშნად ფარები დაუშვეს.

სპეცრაზმელების გადაწყვეტილებამ დემონსტრანტებში ემოციური რეაქცია გამოიწვია. საპატიმროებიდან არეულობის დროს დაკავებული 2 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. თუმცა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ ინტერნეტ არხის დამფუძნებლის წინააღმდეგ, რომელიც სამართალდამცველების სისასტიკეს მუდმივ რეჟიმში აშუქებდა. მას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა მინსკმა რუსეთს წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის ბრალდებით დაკავებული 32 მებრძოლი გადასცა. რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრების სამართლებრივი დევნა არ მოხდება.

 


close დახურვა