ბელარუსში, რაინეარის ინციდენტთან და ოპოზიციონერი ბლოგერის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე მოულოდნელად თავად რომან პროტასევიჩი გამოჩინდა.
ჟურნალისტი დარბაზში შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიყვანეს და განაცხადეს, რომ მედიასთან ურთიერთობა თავად რომანს სურდა.
პროტასევიჩმა თქვა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და მასზე არ ძალადობენ.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ბრფირინგს ესწრებოდა, თქვა, რომ არ სჯერა პროტასევიჩის არც ერთი სიტყვის და რომ მას თანაუგრძნობს. ბრიფინგი პროტესტის ნიშნად დატოვა რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის იყო BBC-ის წარმომადგენელიც. მათი განცხადებით, პროტასევიჩი იქ თავისი ნების საწინააღმდეგოდ იყო.
რომან პროტასევიჩი ბელარუსი ბლოგერი, ფოტოგრაფი, აქტივისტი და ჟურნალისტია. ის ოპოზიციური მედიის NEXTA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამავე სააგენტოს მთავარი რედაქტორიც იყო. ეს სააგენტო აქტიურად აშუქებდა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას. გარდა ამისა, პროტასევიჩი ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტის სვეტლანა ტიხანოვსკაიას გუნდშიც იყო. ის კოორდინირებას უწევდა სხვადასხვა საპროტესტო აქციას.
2021 წლოს 23 მაისს რომან პროტასევიჩი დააკავეს. დაკავებამდე ის ბელარუსში ძებნილად იყო გამოცხადებული.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაესვათ, რადგან ბორტზე პროტასევიჩი იმყოფებოდა.
თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა - თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებითშეაცვლევინეს.
დაკავების შემდეგ რომან პროტასევიჩს სასტიკად სცემეს.
აქტივისტის მამა ამბობს, რომ თავდაპირველად მის დახრჩობასაც ცდილობდნენ და რომ ხელებზე ახლაც ატყვია ბორკილების კვალი. დმიტრი პროტასევიჩის თქმით, მისი შვილი დააშინეს.
პრესკონფერენციაზე გამოჩენამდე ბელარუსის სამთავრობო მედიებმა დაკავებული რომან პრატასევიჩის მიმართვაც გამოაქვეყნეს, რომელშიც ის "აღიარებით ჩვენებას აძლევს" მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს.