logo
ENG



„არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო“ - ექიმების განცხადება იშვიათ დაავადებებზე

14 მაი 202610:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/14/umn8n5ja8t4h1no.png

ქართველი ექიმების ნაწილი განცხადებას ავრცელებს, სადაც იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობაზე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი დაავადებები პროგრესირებადი და სიცოცხლის შემზღუდველია, მათი მართვა კი დროულ დიაგნოსტიკას, მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობასა და შესაბამის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას საჭიროებს.

ექიმების თქმით, საქართველოში პაციენტები და მათი ოჯახები ხშირად სისტემური მხარდაჭერის გარეშე რჩებიან და სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სერვისების მოთხოვნა ქუჩაში უწევთ, რაც „არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ჰუმანური და მორალური პრობლემაცაა“.

განცხადების ავტორები სახელმწიფოს მოუწოდებენ, უზრუნველყოს პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა და დროულად უპასუხოს პაციენტების საჭიროებებს.

"ჩვენ, ექიმები, გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო. აღნიშნული დაავადება პროგრესირებადი და სიცოცხლის შემზღუდველია. მისი მართვა თანამედროვე მედიცინაში მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკას, მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობასა და შესაბამის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას.

დღეს საქართველოში პაციენტები და მათი ოჯახები ხშირად რჩებიან სისტემური მხარდაჭერის გარეშე და იძულებულნი არიან, სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სერვისების მოთხოვნით ქუჩაში იბრძოლონ. რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ჰუმანურ და მორალურ პრობლემას.

პაციენტებს და მათ ოჯახებს ვუცხადებთ სოლიდარობას და

მოვუწოდებთ სახელმწიფოს:
უზრუნველყოს პაციენტებთან და მათ ოჯახებთან ღირსეული და ეფექტური კომუნიკაცია; შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო და სამართლიანი პოლიტიკა; და დროულად მოახდინოს ადეკვატური რეაგირება პაციენტების საჭიროებებზე, რათა არც ერთი ბავშვი და ოჯახი არ დარჩეს მარტო სიცოცხლისთვის ბრძოლაში.

ხელმოწერები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე", - წერია განცხადებაში.


close დახურვა