logo
ENG



1-ლი აგვისტოდან მერია უკრაინელი ლტოლილების დაბინავების პროგრამას წყვეტს

17 ივლ 202214:25
3 წუთის საკითხავი
 

1-ლი აგვისტოდან თბილისის მერია უკრაინელი ლტოლილების დაბინავების პროგრამას წყვეტს.

მერია აცხადებს, რომ უწყებამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა - საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მოგვმართავს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით.

1-ლი აგვისტოდან მერიის პროგრამა შეჩერდება - უკრაინელ ლტოლვილებს მოუწევთ სასტუმროების დატოვება, სანაცვლოდ კი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ერთ ოჯახზე თვეში 300 ლარი გაიცემა, დამატებით - სულზე 45 ლარი. 

მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროშია დაბინავებული.

"ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მილიონი ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას - ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ივლისს, თბილისის მერია მიმდინარე პროგრამას შეწყვეტს". - აცხადებს თბილისის მერია. 

ერთ-ერთი უკრაინელი ლტოვლილი ქალი, რომელიც 1-ლი აგვისტოდან კვლავ უსახლკაროდ რჩება, დახმარებას ითხოვს. 

"მინდა, ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო. ოკუპაციას თავი ახლახან დავაღწიეთ. აქ ჩამოსვლამდე ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. გვიხარია, რომ აქ მოვხვდით, სხვაგან წასვლა არ გვინდა. ჩვენთან ყველა იმას ამბობდა, რომ თუ საქართველომდე ჩამოვაღწევდით, აქ ქართველი ხალხი დაგვეხმარებოდა. უკრაინიდან ხალხი მოდის, მოდიან მხოლოდ ქალები და ბავშვები. კაცები საბრძოლველად რჩებიან. მინდა, გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე დროს დაგვეხმაროთ". - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ლტოლვილი ფორმულასთან.


close დახურვა