logo
ENG



1-ელი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება

27 ივნ 202311:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/138bqw5ijcttsh0.jpg

ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ოქტომბრიდან დამატებით თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების, შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.

"ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავამოქმედეთ და გვინდა, ეტაპობრივად ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე დაინერგოს. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. სხვა შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ", -

1-ელი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება შემდეგ ქუჩებზე ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩა, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორია.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას საინფორმაციო ჯიხურებში პირველი სექტემბრიდან შეძლებენ.


close დახურვა