logo
ENG



ფორმულა: საქართველოს რკინიგზა აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობს

26 ოქტ 202320:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/26/y057y70t9osuojv.jpg

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართული სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვედრილ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობს. 

"ტიხორეცკის" მანქანათმშებელი ქარხანა აშშ-მა სექტემბერში დაასანქცირა. რუსული საწარმო სანქცირებულთა სიაში ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან ერთად მოხვდა. რკინიგზას ამ კომპანიასთან მოქმედი საქმიანი კონტრაქტი აქვს. 13 აპრილს რკინიგზამ ტენდერში გამარჯვებულ "ტავრიდა ელექტროსისტემთან" ხელშეკრულება დადო, მან კი დამკვეთს სწორედ სანქცირებული რუსული ქარხნის წარმოებული დანადგარი უნდა მიაწოდოს. სანაცვლოდ, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსგან 3 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.

ფორმულას ინფორმაციით, ტენდერში ჩინური კომპანიაც მონაწილეობდა, თუმცა მან დისკვალიფიკაცია მიიღო. 

ფორმულას კითხვაზე, როგორც მოიქცევიან თუ კი სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობის ფაქტი გამოვლინდება, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს:

"ალბათ, როგორც წესი და კანონი როგორც არის გაწერილი, მასე მოიქცევიან. ალბათ, გაწყვიტავენ, თუ მასეა, არ ვიცი". 

ამავე თემაზე ფორმულამ კომენტარი ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსაც სთხოვა, თუმცა მან კითხვებს პასუხი არ გასცა. ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი კახიანის თქმით კი "ცხადზე ცხადია", რომ საქართველო სანქცირებულ კომპანიასთან არ თანამშრომლობს. 

"ისეთი კაზუსი თქვით, რომელიც ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ინდივიდუალურ მიდგომას და რეაგირებას საჭიროებს, იმიტომ, რომ რაც ცხადზე ცხადია, ეს არის ის, რომ სანქცირებულ კომპანიებთან, მით უმეტეს, როცა სახელმწიფოზეა საუბარი, ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს", - ამბობს კახიანი. 

როგორც ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბესაძე ფორმულასთან ამბობს, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ამ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ არანაირი ინფორმაციაა არაა და ამაზე არც ოფიციალური განმარტება გაკეთებულა. 

"ზოგადად, რუსულ კომპანიებში ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარის გადახდა, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კოლაბორანტობის შედეგი და კონკრეტულ კომპანიებში და კონკრეტულ შესყიდვებთან მიმართებით, შემიძლია ვთქვა, რომ მაღალი ალბათობით, კორუფციული ინტერესებით გამოწვეული, როცა რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობ იქ, სადაც ალტერნატივა არსებობს", - აღნიშნა მან.

როგორ სრულდება რკინიგზის მიერ დადებული კონტრაქტი, ამის გასარკვევად ფორმულამ სახელმწიფო კომპანიას მიმართა, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პასუხი ვერ მიიღო.  

 


close დახურვა