დღეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ვივამედიდან დისტანციურად ჩაერთო, თუმცა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მისი სიტყვით გამოსვლის დროს ვიდეოჩართვა გათიშეს. ამას დარბაზში ხმაური და პროტესტი მოჰყვა, მათ შორის ადვოკატების მხრიდან.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, ჩართვის გათიშვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სააკაშვილი "არაერთგზის გააფრთხილა", რომ საუბარი დაესრულებინა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საუბრის დროს სისხლის სამართლებრივ საქმეს გასცდა და "პოლიტიკურ მიმოხილვას" აკეთებდა.
"არ დაექვემდებარა არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი და დაესრულებინა. ეს არის განცხადება, ბატონო, პოლიტიკური ამბების მიმოხილვა, რა შუაშია?! ბრალდებულს, ისევე როგორც წინა სხვა სხდომებზე, დღესაც მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, სასამართლომ მას მოუსმინა 13-14 წუთი, დაახლოებით. განცხადების გაკეთების წინ მას მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა მოსამართლემ.
დღეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სააკაშვილმა ვიდეოჩართვის დროს ისაუბრა საქართველოში რუსების მასობრივ შემოდინებასა და მის საფრთხეებზე. მან გააჟღერა ინფორმაციაც, რომ ქვეყანაში "რუსების დივერსიული ჯგუფია შემოსული".