logo
ENG



"სცდება პოლიტიკური დებატების თავისუფლების ფარგლებს" - DRI დეპუტატების შეურაცხყოფაზე

01 ნოე 202309:08
3 წუთის საკითხავი
 

დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი (DRI) ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ ქართული ოცნების დეპუტატების შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმაურება და გმობს. 

ორგანიზაციის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ღირსების შემლახავი, უხამსი და დისკრიმინაციული განცხადებები სცდება პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლების ფარგლებს. 

"ქართული ოცნების წარმომადგენელთა სიტყვიერი თავდასხმა ოპოზიციონერ ქალებზე მიზნად ისახავს მათ დარცხვენას და პოლიტიკურ სივრცეში მათი სამოქმედო არეალის შეზღუდვას ქცევით ნორმებზე გენდერული ნიშნით აპელირებით.

მაშინ, როდესაც ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა უნდა იყოს ქალთა უფლებების დაცვა, ამის საპირისპიროდ, მიზოგინიური, სექსისტური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები იწვევს არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატის დისკრიმინაციას, არამედ "მსუსხავი ეფექტი" აქვს ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვაზე", - აცხადებს DRI. 

პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.

რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.

 

close დახურვა