logo
ENG



კარასინი რუსეთის მოქალაქეებზე ზურაბიშვილის განცხადებას "ბოდვას" უწოდებს

01 ნოე 202315:17
3 წუთის საკითხავი
 

გრიგორი კარასინი რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას "ბოდვას" უწოდებს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ტელეგრამში გამოეხმაურა პრეზიდენტის ინტერვიუს, სადაც საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ საუბრობს.

"როგორც აქამდე, ახლაც, საქართველოს პრეზიდენტი რუსული თემით მანიპულირებს. ამჯერად, იმპიჩმენტს ძლივს გაქცეულ ქალბატონს ანერვიულებენ საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც "მტრის ენაზე საუბრობენ". პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთის მიერ სრულფასოვანი ომის გამოცხადების წინაპირობებს და მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებებს ვერაფერს ვერ უწოდებ, გარდა ბოდვისა. დარწმუნებული ვარ, თბილისშიც ესმით", - წერს კარასინი.

ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, როდესაც შენს საკუთარ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე ლაპარაკობენ, იქცევიან და სჯერათ, რომ სახლში არიან.

"ეს ზღვარი უნდა შენარჩუნდეს, რომ მომავალში არ გვქონდეს ინციდენტები, რომლებიც რუსეთს თავისი საყვარელი დოქტრინის - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის გამოყენების საშუალებას მისცემს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


close დახურვა