logo
ENG



მდინარაძე: ქართველმა ხალხმა ეს შეუკვეთა მთავრობას და მთავრობა დავალებას ასრულებს

08 ნოე 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock 337
მდინარაძე: ქართველმა ხალხმა ეს შეუკვეთა მთავრობას და მთავრობა დავალებას ასრულებს
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ქართველი ხალხის "საეტაპო წარმატებაა". მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას ეს "მთავრობას შეუკვეთა", ხოლო მთავრობა "დავალებას ასრულებს". ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ქართველი ხალხის დაკვეთაა ყველაფერი, რაც ხდება, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება აწარმოებს ამ მოლაპარაკებებს, ამ სამუშაოებს და ქართველი ხალხის გამარჯვებაა - ერთ-ერთი საეტაპო, ასე დავარქვათ, არც დავაკნინოთ და არც, ვთქვათ, ზედმეტი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - ქართველი ხალხის საეტაპო წარმატებაა ევროინტეგრაციის გზაზე დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკომისიისა, რომ პოზიტიური დასკვნა და რეკომენდაცია გაიცა ამ ქვეყნისთვის და ეს შეუკვეთა ქართველმა ხალხმა საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობა ამ დავალებას ასრულებს", - თქვა მდინარაძემ.

აქვე, მან მოულოცა უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა თქვა, რომ მათი არ "შურთ". მდინარაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სიარული მარტივი არ არის, "მით უმეტეს, როცა ღისებით" უნდა იარო. ის აღნიშნავს, რომ მათ ეს "შეძლეს".

"ვულოცავთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს - უკრაინას და მოლდოვას ამ წარმატებას, ჩვენ გვიხარია, თუმცა ნამდვილად არ გვშურს მათი [...] მთავარია, რომ რეკომენდაცია გაიცა, მთავარია, რომ ჩვენ ამ გზაზე ვიარეთ ღირსებით, ჩვენ ამ შედეგს მივაღწიეთ. თქვენ გახსოვთ, რომ ბევრი ჩვენი ოპონენტი ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო და ეს ვერ და არ მოხდებოდა, მაგრამ ეს მოხდა, გარკვეული დეტალები, სამუშაო დეტალები, სამუშაო ფორმატში გაგრძელდება.

დიახ, მუშაობა სჭირდება ბევრი, ევროინტეგრაციის გზაზე სიარული მარტივი არ არის და მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა შენ ღირსებით უნდა იარო, შენი ეროვნული ინტერესები უნდა გაატარაო, ამავდროულად, თანხვედრაში უნდა იყოს ეს ყველა რეკომენდაციასთან, ყველა ინტერპრეტაციასთანაც კი და მათი სამართლიანი გამორიცხვა უნდა მოახერხო, ხალხს სწორად უნდა ესაუბრო, ღირსება უნდა შეუნარჩუნო, მშვიდობა უნდა შეუნარჩუნო და ამავდროულად, ყველა საკითხთან დაკავშირებით ადეკვატური პასუხები უნდა გქონდეს.

ეს არ არის მარტივი ამბავი და ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს ყველა დეტალთან დაკავშირებით სამუშაო რა შეიძლება იყოს", - განაცხადა მან.

დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა