logo
ENG



მუხთარლი შეპელევზე: ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გაიტაცეს და გადასცეს რუსეთს

09 ნოე 202317:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/fk4zp6j5w53m9o1.jpg

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლი რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის გაუჩინარების საქმეზე აცხადებს, რომ ყველა გარემოება მის გატაცებასა და რუსული მხარისთვის გადაცემაზე მეტყველებს. ამის შესახებ მან ფორმულას დღესთან ისაუბრა. 

"იგი მოიტაცეს საქართველოდან, ვფიქრობ, რომ რუსეთის FSB-მ გაიტაცა. უფრო სწორად, თქვენს სპეცსამსახურებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ამის თვალსაზრისით. რამდენიმე ოპოზიციონერის დაპატიმრება მოხდა და მე ვხედავ, რომ რაფაილ შეპელევი გატაცებულია. სამი წელია ცხოვრობს თბილისში. მეგობრები ამბობენ, რომ არ მას არ უნდოდა რუსეთში გამგზავრება, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. მას სდევნიდა პოლიცია, რუსეთის სპეცსამსახურები. არ არსებობს იმის საფუძველი, ვთქვათ, რომ იგი ნებაყოფლობით წავიდა საქართველოდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი მოიტაცეს თბილისიდან. 

[...] ახლა ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ იგი გაიტაცეს და გადასცეს რუსეთის მხარეს. საქართველოს მთავრობა, დიქტატორი ივანიშვილის მეშვეობით, თანამშრომლობს ალიევთან, პუტინთან და სამწუხაროდ, საქართველო გახდა საფრთხისშემცველი ქვეყანა, სადაც აზერბაიჯანის აქტივისტებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან აქტივისტებს ასე გადასცემენ სხვა ქვეყნებს", - ამბობს ის. 

კითხვაზე, რა პარალელს ხედავს შეპელევისა და მის საქმეს შორის, მუხთარლი ამბობს:

"პარალელი, რა თქმა უნდა, არსებობს ჩემს საქმესთან მიმართებით. რუსეთში თუ აპირებდა დაბრუნებას, უნდა ეთქვა ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის. ყველამ ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური ემიგრანტი, გაიქცა რუსეთიდან, თბილისში იმალებოდა. როგორ შეიძლება, რომ ასეთ ადამიანს არავისთვის არაფერი ეთქვა და წასულიყო რუსეთში, სადაც დააპატიმრებდნენ. საქართველო ოფიციალურმა პირებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნებაყოფლობით დატოვა საქართველო.

[...] მე თან მქონდა მხოლოდ ტელეფონი, ყველაფერი, პირადი ნივთები, პასპორტის ჩათვლით, დარჩა თბილისში. რაფაელ შეპილოვთან დაკავშირებითაც იგივე მოხდა. ვინმეს თუ სურს ქვეყნიდან წასვლა, უნდა წაიღოს თავისი ნივთები და როგორც აცხადებენ, თბილისში დარჩა, მის სახლში ყველა პირადი ნივთი", - აცხადებს მუხთარლი. 

***

რუსი აქტივისტის გაუჩინარებაზე ინფორმაცია რუსულმა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება პირველმა განყოფილებამ გაავრცელა. 

შეპელევი, უფლებადამცველების თქმით, შესაძლოა ამ დროისთვის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს. როგორც ისინინ ამბობენ. შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ჯერ კიდევ ბინაშა მისი პირადი ნივთები. რაფაილის თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავდა.

"პირველი განყოფილების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ "წვრილმან ხულიგნობაში" ცნო. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

რუსული მედიასაშუალების, Sota-ს ინფორმაციით, აქტივისტი რეგულარულად მონაწილეობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 9 ნოემბერს განაცხადეს, რომ შეპელევის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ 12 ოქტომბერს შაპელევი გორში გაემგზავრა, იქიდან კი ტაქსით კირბალში ავიდა, რის შემდეგაც საკუთარი ნებით საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა. 

შსს-ს განცხადებით, ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

 
 
 

 

 

 

close დახურვა