logo
ENG



ანთაძე: დოთიაშვილის თქმით, უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში

09 ნოე 202321:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/gf9os207r9t1lck.jpg

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ლევან დათიაშვილს დაკავების დროს საოკუპაციო ძალებმა სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. ამის შესახებ მან დოთიაშვილის გათავისუფლების შემდეგ ისაუბრა.

"რამდენი წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ და არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს [...] მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში", - თქვა მან.

ანთაძის განცხადებით, დოთიაშვილს მკვლელობის მოწმის სტატუსით გამოჰკითხავენ. როგორც ის ამბობს, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს და "გადაუმოწმებელი მონაცემებით და ინფორმაციით მანიპულირება დამაზიანებელია პროცესისთვის". მედიის კითხვაზე, საოკუპაციო რეჟიმის რამდენმა წარმომადგენელმა გახსნა ცეცლხლი, ანთაძე ამბობს:

"ამ ეტაპზე დანარჩენ დეტალებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამ საკითხზე განცხადება აუცილებლად გაკეთდება". 

მისივე თქმით, დოთიაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია და ფიზიკური ძალადობა მხოლოდ დაკავების დროს იყოს. 

თავად ლევან დოთიაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

"თავად დარწმუნდით რა მდგომარეობაში იმყოფება, იგი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში და სწორედ ამიტომ მოგახსენეთ, რომ ეს დეტალები, რაც არის საინტერესო და პირველ რიგში, რაც არის მნიშვნელოვანი, რათა მკვლელობის ყველა დეტალს მოეფინოს ნათელი, ამისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა იმ ჩვენებებს, რასაც მისცემს მკვლელობის საქმის მოწმე", - აღნიშნა ანთიძემ.

სუს-მა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ლევან დოთიაშვილი თავისუფალია და ის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მათი თქმით, დოთიაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, ერგეთში გამართულ შეხვედრებზე.

"უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებული კი ლევან დოთიაშვილი იყო, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. 

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.

 


close დახურვა