ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბრიტანეთის მოქალაქისა და მათი კონსულტანტის, ბენ მალეტის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმართავენ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, "არსებული უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ".
პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში ჩატარების პრინციპებს.
"შესაბამისი უწყებების მიერ, ბენ მალეტისთვის ყოვლად დაუსაბუთებელი ოფიციალური დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, სადაც მინიმალური მითითებაც კი არ იყო გაკეთებული მისი არშემოშვების მიზეზებთან დაკავშირებით, ე.წ. “უსაფრთხოების სამსახურების” მხრიდან მის მიმართ გაკეთდა ღია მოწოდება სასწრაფოდ სხვა სახელმწიფოში გამგზავრებასთან დაკავშირებით.
ბენ მალეტი თბილისში სულ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიტიკურ კონსულტირებას უწევდა ჩვენ პარტიას. გუშინ ბენი თბილისში სწორედ მორიგი პოლიტიკური კონსულტაციების გასამართად მოემართებოდა.
ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, არსებული უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ნაბიჯი სრულად ეწინააღმდეგება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში ჩატარების პრინციპებს.
რუსულ ოცნებას პანიკურად ეშინია გამჭვირვალობის, დასავლური პოლიტიკური კამპანიების გამოცდილების, მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, უცხოელ მრჩევლებთან და კონსულტანტებთან ერთად, აუცილებლად შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული საქართველო ჰქვია"- ნათქვამია განცხადებაში.
12 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ცნობილია, ის 1 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რამდენიმე დღით ქვეყნიდან გავიდა, რის შემდეგაც ის საქართველოში აღარ შემოუშვეს.