logo
ENG



კალაძის თქმით, მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება

15 ნოე 202311:17
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მომავალი წლიდან თბილისის განვითარების ფონდი რუსთაველის გამზირის სარებილიტიციო სამუშოებს იწყებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძე ამბობს, პირველ ეტაპზე, იქ არსებულ შენობა-ნაგებობებს მოწესრიგებენ. 

"პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული შენობის დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები. იმიტომ, რომ არის ისეთი შენობები, რომელიც საჭიროებს გამაგრებით სამუშოებს, ძველი შენობებია. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება, მოწესრიგდება ფასადზე ქაოტურად არსებული კომუნიკაციის ქსელები. გვინდა, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდეს ეს სამუშაოები", - აღნიშნა კალაძემ.  

მისი თქმით, რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება, რადგან ამ კუთხით, რუსთაველის გამზირზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა.  

"შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. საგზაო სამუშაოები, ალბათ, ბოლოს ჩატარდება, როცა ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგდება. 

რუსთაველზე არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ხშირია შემთხვევები მიწის ჩავარდნის, იმის გამო, რომ კომუნიკაციის დაზიანების გამო ხდება ხშირად  ასფალტის გამორეცხვა და ბევრჯერ დაფიქსირებულა ასეთი შემთხვევები, რომ კონკრეტულ მონაკვეთებზე ვარდება მიწა", - თქვა მან. 

კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება. 

"ეს სამუშაოები ორ წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შენობა ნაგებობაა, პლუს, ამას ემატება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშოების წარმოება", - ამბობს ის. 

 


close დახურვა