logo
ENG



გარემოს დაცვის სამინისტრო: არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად

18 ნოე 202320:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/18/rxqm1dd6q15nbyy.jpg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაჭის ტყეების საკითხსა და მიმდინარე პროტესტს ეხმაურება. უწყების განცხადებით, საპროტესტო აქციის გამართვის "არანაირი საფუძველი არ არსებობს".

სამინისტრო ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ რაჭაში ტყე გაიყიდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ლიცენზია გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.

საუბრობენ ლიცენზიის გაუქმებაზეც და აცხადებენ, რომ მისი პირობების შეუსრულებლობის გამო, პროცესი მიმდინარე წლიდან დაიწყეს.

"არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს - შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, უწყებაში ამბობენ, რომ ეს საკითხი დღეს "ნაკლებად აქტუალურია". სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება.

"გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერ გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას", - ამბობენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი დააკავეს. 

***

მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად და ადგილობრივები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე გადაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ. 

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს. 

21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.

გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნაზე მუშაობს და გეგმავენ, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ეს საკითხი შეიტანონ.

15 ნოემბერს ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. როგორც მის მიერ ფორმულასთვის მიწოდებული განცხადებიდან ირკვევა, ხიდაშელმა "გაუგებრობების აცილებისა და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო", რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა.

მომდევნო დღეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ სხვა ვალდებულებებთან ერთად, ლიზენციის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არცერთი პირობა არ შეასრულა. ასევე, თქვეს, რომ "დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით". 

ორგანიზატორები როგორც გარემოს დაცვის, ასევე, ხიდაშელის განცხადებებს არადამაჯერებელს უწოდებენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროცესი უფრო ბუნდოვანი გახდა, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროტესტი თბილისში გაეგრძელებინათ. 

 


close დახურვა