logo
ENG



ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს

21 ნოე 202316:51
3 წუთის საკითხავი
clock 543
2023/11/21/vsi9davk32ok0jm.jpg

ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს. პლენარული სხდომის დღის წესრიგი თანახმად, საკითხზე დებატები ხვალ შედგება, ხოლო შემდეგ დოკუმენტს კენჭს უყრიან.

როგორც ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს, დღეს ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოლაპარაკებებს გამართავს, რათა გინტურის მკვლელობაზე დაუყოვნებლივი რეზოლუცია მიღონ.

"ეს სასტიკი მკვლელობა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს ის.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.

დოთიაშვილი იხსენებს, რომ ლომისის ტაძარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს. მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო. დოთიაშვილი ამბობს, მანქანიდან დაჭრილი თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ მან სასწრაფოში დარეკა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდო მკვლელები არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.


close დახურვა