logo
ENG



ბუაძე: კალაძე საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივია

22 ნოე 202314:38
3 წუთის საკითხავი
 
ბუაძე: კალაძე საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივია

ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძე ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ ლელოს ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. ბუაძის თქმით, დღეს კალაძე "საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ლოკომიტივია".

"დღეს, კალაძე არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი. ადამიანი რომლისთვისაც საქართველოს ეკონომიკის განვითარება გადის რუსეთზე და რუსეთის ვასალობაზე, არ უნდა იყოს ჩვენი დედაქალაქის მერი.

სინამდვილეში, რუსეთზე ასეთი ფორმით ჩამოკიდება საქართველოსთვის მხოლოდ საფრთხის შემცველია და ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც ჩვენ ქვეყანას უდიდესი დარტყმის წინაშე აყენებს", - წერს საბა ბუაძე.

კალაძემ დღეს თქვა, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს "ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".

"ისეთ შემთხვევებში, რომელიც შეიძლება პრობლემა იყოს, საერთაშორისო დონეზე გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენდეს, იგივე თუნდაც სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ა.შ აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობებიც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით და ეს მომავალშიც გაგრძელდება. მაგრამ, ახლა ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და ფული არ დახარჯოს და ვთქვათ, მაგალითად, ქართული პროდუქტი, საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი, შევზღუდოთ და არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე, რატომ?! რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი, ვის ვზღუდავთ ამით, საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში ხომ?!", - თქვა კალაძემ.

20 ნოემბერს პარტია ლელომ 9-პუნქტიანი გეგმა დააანონსა. როგორც ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა, "საქართველოს დაცვის აქტის" მიზანი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.

ლელოს მიერ წარმოდგენილ გეგმაში, მათ შორის, შედის შემდეგი ნაბიჯები: რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა; რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა; რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება; რუსეთთან ფრენების აკრძალვა; რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა; რუსული ფონდების აკრძალვა.


close დახურვა