logo
ENG



რა წერია ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობაზე წარდგენილ რეზოლუციაში

22 ნოე 202318:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/22/eo99767x1vwev1c.jpg

ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს. პლენარული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე დებატები დღეს, 22 ნოემბერს შედგება, დოკუმენტს კენჭს კი სავარაუდოდ ხვალ, 23 ნოემბერს უყრიან.

"საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში", - ამ სახელწოდებით რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფმა მოამზადა უკვე ასახულია პლენარული სხდომის დღის წესრიგში. რეზოლუციის ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.

რეზოლუციაში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გადახედვის აუცილებლობასა და სანქციების დაწესებაზეც. რეზოლუცია პასუხს სცემს კითხვას, შეიძლება თუ არა რუსეთის მსგავსმა პროვოკაციულმა ქმედებებმა გავლენა იქონიოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

რეზოლუციის თანახმად:

  • ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.
  • ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე უნდა აგონ პასუხი და გადაეცეს მართლმსაჯულებას გინტურის მკვლელობასა და დოთიაშვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ეშელონებში და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში.
  • ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, გადახედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და დაუწესოს სანქციები ჩამოთვლილ ინდივიდუალურ პირებს და მხარი დაუჭიროს სხვა თანამოაზრე პარტნიორების მიერ ანალოგიური ზომების გატარებას.
  • ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციამ, რომელიც გამიზნულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განადგურებისკენ, არ უნდა მოახდინოს გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.

დოთიაშვილი იხსენებს, რომ ლომისის ტაძარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს. მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო. დოთიაშვილი ამბობს, მანქანიდან დაჭრილი თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ მან სასწრაფოში დარეკა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდო მკვლელები არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.


close დახურვა