logo
ENG



ბარამიძე: მანიფესტთან შეერთება აუცილებელია - თუ ვინმე არ იზიარებს, გარიცხვას არ ვაპირებთ

23 ნოე 202315:05
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ პარიის მიერ წარდგენილ 11-პუნქტიან მანიფესტთან შეერთება აუცილებელია. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიიდან არავის გარიცხვა არ იგეგმება და მთავარი იდეა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს.

"შეერთება ამ მანიფესტთან, მანიფესტის სულისკვეთებასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება, რომ იღებს პასუხისმგებლობას იმ ბრძოლისა, რომელი ერთობლივი ბრძოლითაც უნდა დამარცხდეს რუსული ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში. ბუნებრივია, ვინც ამ იდეებს არ იზიარებს, არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს გუნდში ყოფნას, მაშინ ბუნებრივია არავის გარიცხვას, როგორც ასეთი, არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ", - თქვა გიორგი ბარამიძემ.

ნაციონალური მოძრაობა 11-პუნქტიან მანიფესტს: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" აქვეყნებს, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.

ნაციონალური მოძრაობის 11-პუნქტიანი მანიფესტი სრულად

პარტიული მანიფესტის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს "პარტიის გარეთ". მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".

სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.

მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი შეკრება გაიმართება, რომელზეც ბევრი საკითხი განიხილება.

ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა 23 ნოემბერი პარტიაში ერთიანობის გამოვლინების დღე და "ვინც წასვლას აპირებენ - წავლენ, თუ დარჩებიან", რაზეც ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა: "თუ არადა, გავუშვებთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".


close დახურვა