logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი: ან ოლიგარქი ან გამარჯვება, ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას

23 ნოე 202320:57
3 წუთის საკითხავი
 
მიხეილ სააკაშვილი: ან ოლიგარქი ან გამარჯვება, ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას

დღეს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ნაცონალური მოძარობის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხეს.

წერილში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვარდების რევოლუციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამასთანავე აღნიშნავს, რომ საჭიროა ოლიგარქიაზე "ტოტალური შეტევა" განხორციელდეს.

"კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალ საუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის - ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს. ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვარდების რევოლუციით კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით არა. დსთ-ის სივრცეში, პირველად, ამ პატარა საქართველო გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულმა აშშ-ის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა. ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უპერსპექტივობას და უიმედობას არას. დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში. მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს. ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური, საერთო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას - ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

***

ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ, 22 ნოემბერს 11-პუნქტიან მანიფესტი: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.

ნაციონალური მოძრაობის 11-პუნქტიანი მანიფესტი სრულად

პარტიული მანიფესტის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს "პარტიის გარეთ". მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".

სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.

მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი შეკრება გაიმართება, რომელზეც ბევრი საკითხი განიხილება.

ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა 23 ნოემბერი პარტიაში ერთიანობის გამოვლინების დღე და "ვინც წასვლას აპირებენ - წავლენ, თუ დარჩებიან", რაზეც ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა: "თუ არადა, გავუშვებთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".

მოგვიანებით, ენმ-ის წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პარტიის მიერ წარდგენილ 11-პუნქტიან მანიფესტთან შეერთება აუცილებელია. მისივე თქმით, პარტიიდან არავის გარიცხვა არ იგეგმება და მთავარი იდეა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს.


close დახურვა