logo
ENG



TDI: სასამართლო ევანგელისტური ეკლესიისთვის სამლოცველოს წართმევას დაეთანხმა

01 დეკ 202313:31
3 წუთის საკითხავი
 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ცნობით, სასამართლო ევანგელისტური ეკლესიისთვის სამლოცველოს წართმევას დაეთანხმა. ორგანიზაციის შეფასებით, ევანგელისტური ეკლესია და მისი მრევლი ერთადერთი სამლოცველო სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. 

საუბარია 20 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ევანგელისტური ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ძალაში დარჩა. ორგანიზაციის შეფასებით, ევანგელისტური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული საქმე მთლიანად მოსარჩელე მხარის არაკეთილსინდისიერ ქმედებებსა და საქმეში წარმოდგენილ გაყალბებულ დოკუმენტაციას ეფუძნება. 

მათი ცნობით, 2022 წლის 9 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პასტორ ზაალ ტყეშელაშვილს დააკისრა, რომ მოსარჩელეს, აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკს წლების განმავლობაში მიღებული საეკლესიო შემოწირულებები გადაუხადოს, რომლებიც ეკლესიის პირველი და ერთადერთი სამლოცველო სახლის მშენებლობის დასასრულებლად იყო განკუთვნილი. 

"საგანგაშოა, რომ სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტებმა საქმეში არსებული დანაშაულის ნიშნები და სავარაუდო ყალბი დოკუმენტაციის ფაქტი არა მხოლოდ უგულებელყვეს, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დაეყრდნო ამ დოკუმენტებს ეკლესიისა და მისი პასტორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მისაღებად.

საქმეში მოსარჩელე არის აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკი, რომელმაც წლების წინ ევანგელისტური ეკლესიის მრევლს და მის პასტორს, ზაალ ტყეშელაშვილს, თავი ევანგელისტ მისიონერად წარუდგინა. საქმის მასალების დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ მოსარჩელე პარკი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად და საკუთარი ბუნდოვანი ფინანსური და ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებდა რელიგიურ გაერთიანებებს", - წერს TDI.

მათი თქმით, ბიუნგ ჩან პარკმა სასამართლოში ყალბი ხელშეკრულებების ასლებიც წარადგინა, რომლებზეც აშშ-ის ნოტარიუსის ბეჭედია დატანილი. როგორც TDI წერს, დოკუმენტს არ ახლავს ხელმოწერები, სანოტარო აქტი, თარიღი და სხვა აუცილებელი მონაცემები.

"უფრო მეტიც, დოკუმენტებში თავად ბიუნგ ჩან პარკის სახელიც კი არასწორად წერია და მითითებულია მისი პასპორტის ნომერი, რომელიც გაცემულია ერთი წლით გვიან, ვიდრე, თითქოსდა, ეს ხელშეკრულებები დაიდო. ევანგელისტურმა ეკლესიამ ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მტკიცებულებათა შესაძლო გაყალბების ფაქტზე. გამოძიებას არ ჩაუტარებია აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები და, შესაბამისად, მას დღემდე არავითარი შედეგი არ მოჰყოლია", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბიუნგ ჩან პარკი, ევანგელისტური ეკლესიის სახელით, წლების განმავლობაში აგროვებდა შემოწირულებებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანი მორწმუნეებისგან. მათი განმარტებით, უცნობია, რა ოდენობის თანხა დააგროვა მან ამ გზით. 2019 წელს პარკმა სარჩელი შეიტანა პასტორ ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში და ევანგელისტური ეკლესიის სამლოცველო სახლის მშენებლობისათვის შეწირული თანხის დაბრუნება მოითხოვა.

TDI-ის ცნობით, საქალაქომ მოსარჩელე პარკის 4 მოთხოვნიდან უსაფუძვლობის გამო არცერთი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც, მან ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხე ზაალ ტყეშელაშვილს მოსარჩელე პარკისთვის 90,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ზაალ ტყეშელაშვილის საკასაციო საჩივარი, რისი შედეგიც სააპელაციო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების აღსრულება და რელიგიური გაერთიანებისთვის სამლოცველო სახლის წართმევა იქნება", - ამბობენ ორგანიზაციაში.

TDI აღნიშნავს, რომ საქართველოს ევანგელისტური ეკლესია და მისი პასტორები, ზაალ და ნინო ტყეშელაშვილები ყოველთვის ღიად საუბრობდნენ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე.

ორგანიზაციის შეფასებით, არაერთი გარემოება მიანიშნებს მცდელობაზე, რომ "საეჭვო სამოქალაქო საქმის გამოყენებით", პასტორის რეპუტაცია შეილახოს, შეიზღუდოს უსამართლობისა და თანასწორობის საკითხებზე აზრის გამოხატვა, ევანგელისტურმა ეკლესიამ დაკარგოს ერთადერთი სამლოცველო სახლი, ავტონომიურობა და დამოუკიდებელ ეკლესიად არსებობის შესაძლებლობა.


close დახურვა