ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე პარტიიდან წასულ წევრებს მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან გადაცემა ფორმულას დღეში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ისინი პარტიას ტოვებენ, მაგრამ თანამდებობებზე რჩებიან, მათ გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.
"თუ უნდათ, რომ ბოლომდე გულწრფელები იყვნენ, მაშინ, მე მათ მოვუწოდებ - თუ პარტია ნაციონალური მოძრაობა დატოვეს - მაშინ, უნდა დატოვონ, ასევე, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობაც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რომ არიან და 4 ათას ლარიანი ხელფასები რომ აქვთ [...]
ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ თურმე წავიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან, მაგრამ თანამდებობებს არ ტოვებენ და არ ტოვებენ, ასევე, მანდატებს და ამ ადამიანების გულწრფელობაში მე მეპარება ეჭვი - თუ პარტიიდან მიდიხარ, თუ ამ ღირებულებებს და ფასეულობებს არ ითვალისწინებ, თუ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან მიდიხარ, მაშინ ის მანდატიც უნდა დატოვო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებით მიიღე", - აცხადებს წითლიძე.
დღეს ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა - მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი. გუშინ ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.
ამას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც და განაცხადა, რომ "შიდა ინტრიგები" არ აინტერესებს. მან პარტიაში მიმდინარე მოვლენების შეფასების დროს აღნიშნა ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ პროცესებიდან "უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა".