logo
ENG



კალაძე აფრიკის დასახლებაზე: თუ ვინმეს თბილისში სახლი არ აქვს, არ ნიშნავს, რომ მერია უყიდის

06 დეკ 202314:18
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სახლების დანგრევას ეხმაურება და "ტყუილს" უწოდებს ინფორმაციას იმაზე, რომ ამ შენობებში ადამიანები ცხოვრობდნენ.

კალაძე ასევე ამბობს, რომ "თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის".

"ტყუილია, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. ამ ნაგებობების მშენებლობა დაწყებული იყო რამდენიმე კვირის წინ. ახლა კი, მათი დემონტაჟი მოხდა. ეს არის სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. არსებობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებს ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ დაუკანონებენ. ამაში ფულს სძალავენ. ეს არის დიდი ტყუილი. 

ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს ვეხმარებით. თუ ადამიანს საცხოვრებელი არ აქვს, ქირით გაგვყავს ან უსახლკარო ოჯახებს მუნიციპალურ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. მე საზოგადოებას ისიც არაერთხელ ვაჩვენე, თუ ვინ დგას მსგავსი ქმედებების უკან - ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები თბილისშიც აქვთ და რეგიონებშიც. ასევე, თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის. ეს დამოკიდებულება არასწორია"- ამბობს კალაძე.

თბილისის მერიამ სამგორის რაიონში "სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობა" დაანგრია.

იქ მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ამბობენ, რომ დასარჩენი აღარსად აქვთ.

დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შენობები ღამით დაანგრია და სახლებიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოასწრეს.


close დახურვა