logo
ENG



გერმანიის ელჩი საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები

08 დეკ 202320:44
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი უნგრეთისა და ევროკავშირის მიმდინარე უთანხმოებაზე საუბრისას საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები.

უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებით იმუქრება, რაც, სავარაუდოდ, საქართველოზე გავლენას მოახდენს.

ორბანის მოსალოდნელი ვეტო უკრაინაზე გერმანელმა დიპლომატმა დაუკავშირა ბუდაპეშტის სურვილს, მიიღოს გაყინული თანხა, რომელზე წვდომაც მას აღარ აქვს კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ამასთან, ფიშერმა მკაფიოდ თქვა, რომ თბილისს ბერლინისგან მკაფიო თანხმობა ექნება, როდესაც ლიდერები კანდიდატის სტატუსზე იმსჯელებენ.

"პირველი გაკვეთილი - აირჩიეთ მეგობრები გონივრულად. ამ წევრ ქვეყანას [უნგრეთს] სურს, რომ გამოყონ ევროავშირის გარკვეული ფონდები, რომლებიც შეჩერებული იყო. ეს მოხდა, რადგან ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ ამ წევრმა ქვეყანამ დარაღვია კანონის უზენაესობის გარკვეული პრინციპები და ზოგიერთი თანხა არ იყო სწორად გამოყენებული.

მეორე გაკვეთილი არის სწორედ ის, რომ ჩენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი. ამ ღირებულებებით კი გამომდინარეობს წესები. როდესაც თქვენ, ქართველ მეგობრებს გესაუბრებით, მიყვარს თქმა, რომ საიდუმლო არ არის, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ევროკავშირს. ყველაფერი შავით თეთრზე წერია", - განაცხადა ფიშერმა.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".


close დახურვა