logo
ENG



კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალის ე.წ. შსს-ს 10-მდე თანამშრომელია დაკავებული - ფორმულა

11 დეკ 202308:27
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, გალში მოკლული საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის განყოფილების 10-მდე თანამშრომელი. მათ შორის, ე.წ. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

ისინი ამ დროისთვის სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ფორმულას ინფორმაციით, დაკავებულები არიან პოლიციელები - კვეკვესკირი, ზარქუა, ტყებუჩავა და აბშილავა.

ფორმულა არკვევს სხვა დაკავებულთა ვინაობას. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკურ ძალადობაში სამი ე.წ. სამართალდამცველი ფიგურირებდა, თუმცა ფორმულას ინფორმაციით, მათი ვინაობა გაცილებით მეტია.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სუს-ში ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ ადასტურებენ მისი უკანონოდ დაკავების მცდელობას.

მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ელემენტარულ უფლებებს სასტიკად არღვევს.


close დახურვა