logo
ENG



პრეზიდენტმა კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" დახურვაზე ყოფილი და მოქმედი პრემიერები მიიწვია

11 დეკ 202309:02
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, 13 დეკემბერს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.

ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.

"13 დეკემბერს, 2 - 3 დღეში აქ მოვლენ დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ [ამ კამპანიის ფარგლებში] შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათმაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში. მე მგონი, ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია) და ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი: პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში. ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია და ის ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ "უცებ, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ერთმანეთის პატივისცემა".

"ეს არ ნიშნავს, იმას, რომ უცებ, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება - არა! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის პატივისცემა იმ დონეზე, რომ მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ, ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ ვინ მეტი, თუ ვინ ნაკლები გააკეთა, ვინ დააშავა, თუ ვინ არ დააშავა, ცოტახნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ალბათ დადებითი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს სხვა წვდომა, რადგანაც ეს არის ევროპულ საბჭოს წევრი, თითოეული თავისუფალი ქვეყნის გადაწყვეტილება. ჩვენც ვისურვებდით, რომ ძალიან მალე იმ მაგიდის ირგვლივ დავმსხდარიყავით და იქაც - ევროპაშიც გვქონოდეს ჩვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.


close დახურვა