logo
ENG



სააპელაციოს გადაწყვეტილებით, შსს-ს სულაშვილისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაც დაეკისრა

27 დეკ 202319:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/27/mqb242f0fvld678.png

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების სასარგებლოდ შეცვალა გადაწყვეტილებები.

კერძოდ, 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული პირების სააპელაციო საჩივრები - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.

საიას ცნობით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული.

მანამდე, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა, ერთ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მეორე დაზარალებულის, კერძოდ, გიორგი სულაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით, სარჩოს გადახდის ვალდებულება კი არ დააკისრა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.


close დახურვა