ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის ბრალდებით დაკავებულ მოქალაქე ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
საპროცესო შეთანხმების პირობის თანახმად, ზურა ნიჟარაძე საპატიმროში 1 წელს გაატარებს, 3 წელი კი პირობით სასჯელს მოიხდის. ასევე, მას დაეკისრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
***
ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს დააკავეს. 13 ნოემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნიჟარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის შეძენა/შენახვას გულისხმობს. ადვოკატის ცნობით, მას პროკურატურა ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობას ედავებოდა, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილში კი მოხმარებას.