შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალება "ძალიან ცუდი ფაქტი და მსოფლიოს პრობლემაა". ის ირწმუნება, რომ ყველაფერი კეთდება "პრობლემის აღმოსაფხვრელად".
"ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არ არის პირველი [შემთხვევა], არ არის იშვიათი, სამწუხაროდ, არის ხოლმე, სადღაც, ოცდაათიდან ორმოცის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები ახალგაზრდების, ნუ ახალგაზრდაა, თუ მნიშვნელობა არ აქვს წლოვანებას, რა თქმა უნდა. ეს მსოფლიოს პრობლემაა, დამერწმუნებით, დამეთანხმებით ალბათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. იცით, რომ ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები ძალიან მაღალი გვქონდა - 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, როცა წინა წლებში იყო 70, 20, 30 წინა წლებში, 2022-ში იყო 202 და 284 [2023 წელს].
მესმის, რომ კიდევ ბევრი რაღაც, სხვა ღონისძიებებია გასატარებელი. პრობლემა რომ არის მსოფლიოში, გასაგებია. არ მინდა ქვეყნები დავასახელო - ჩვენზე 10-ჯერ მეტი, რეალურად ვლაპარაკობ, ღია სტატისტიკებია, ევროპის ქვეყნები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატებში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ეს არ არის, ვთქვათ, რომ რახან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ალბათ, ერთობლივად სამუშაო იქნება უფრო კომპლექსური და არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსი", - თქვა გომელაურმა.
ნარკოპოლიტიკაზე კითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს პარლამენტში მოსმენის დროს ევროოპტიმისტების დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ დაუსვა. მან მინისტრს ჰკითხა, რა ღონისძიებები ტარდება პრობლემის აღმოსაფხვრელად, მათ შორის, ტრანზიტის კუთხით და რატომ არის ამ შემაშფოთებელი სტატისტიკა, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში.
"ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს მინდა დავუსვა კითხვა - პირველი ეს ეხება უკანასკნელ პერიოდში სერიოზულ და საგანგაშო ფაქტებს, რომელიც ეხება ახალგაზრდების გარდაცვალებას ნარკოტიკული საშუალებით, მათ შორის, ჩემთვის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ეს არის პრობლემა, რომელზეც მე კონკრეტული შეფასებები ვერ მოვისმინე. ბოლო დღეების განმავლობაში გარდაიცვალა 2 ახალგაზრდა გოგო, იცით, მათ შორის, ძალიან სერიოზული ვითარებაა მძიმე ფსიქოტროპული საშუალებების და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების შემოსვლის საქართველოში, რომელზეც არც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, არც თქვენგან, არც კონკრეტულად საკომუნიკაციო სტრატეგიული ხაზი, ვთქვათ, რა ღონისძიებები ტარდება, დაიწყო თუ არა გამოძიება ახალგაზრდების გარდაცვალების შემდეგ, რა ხდება ზოგადად - რატომ არის, რომ შემაშფოთებელი სტატისტიკაა ამ კუთხით და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. [...]
ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის და მინდა მოვისმინო, როგორია თქვენი ის ადეკვატური მექანიზმები, ღონისძიებები, ზომები, რომელსაც ამ კუთხით ატარებთ. ეს არ ეხება მარტო კლუბებს, ეს ეხება ძალიან სერიოზულ ფართო სატრანზიტო იქნება ეს, ორგანიზებული დანაშაული თუ ა.შ. იმიტომ რომ მართლაც, ფენტანილზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის უსერიოზულესი პრობლემა, რომ ჩვენ არ მოგვისმენია, საზოგადოებას, რა ღონისძიებები ტარდება ამ კუთხით და გამოძიებამ რა დაადგინა, თუ ეს გამოძიება დაიწყო და ეს არ არის პირველი შემთხვევა, იცით", - ჰკითხა დეკანოიძემ მინისტრს.
სატრანზიტო კუთხით ნარკოტიკების შემოტანის რეგულაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გომელაურმა უპასუხა, რომ "მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება, საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე, 100%-იანი გადახურვა ვერ მოხერხდება".
"ტრანზიტული ქვეყანა ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, შემოდის ეს. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე, 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ ვერანაირად", - თქვა გომელაურმა.