logo
ENG



"უკანონო და ბათილი" - EU-ის წარმომადგენლობა რუსეთისთვის ბიჭვინთის ე.წ აგარაკების გადაცემაზე

29 დეკ 202313:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/29/s5syuugdfw8gd6f.jpeg

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ბიჭვინთის ე.წ აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არის უკანონო და ბათილი.

"ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი"- ნათქვამია განცხადებაში.

 

*** 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების "რატიფიცირება" ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. 

26 დეკემბერს დღის განმავლობაში შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან იკრიბებოდნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. 

თავდაპირელად ცნობილი იყო, რომ შეთანხმების საკითხზე ე.წ. პარლამენტს 28 დეკემბერს უნდა ემსჯელა. 

როგორც ტელეგრამარხი რესპუბლიკა წერს, პარლამენტმა სასესიო სხდომა დილის ექვს საათზე დაიწყო, ამ დროს მოქალაქეები ჯერ კიდევ ე.წ. პარლამენტთან იმყოფებოდნენ. სხდომაზე კი მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს. მათივე ინფორმაციით, სესიის შემდეგ პარლამენტთან სპიკერი ლაშა აშუბა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.

2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული "ობიექტი" მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას, გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა. აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს. 

იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობა განახორციელოს. ნაგებობებსა და შენობებზე საკუთრების უფლება რუსეთის მხარეს იქნება.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, რუსული მხარე ამ ობიექტებს, მიწის ნაკვეთებსა და ზღვის აკვატორიის მონაკვეთს გამოიყენებს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე მათი რეკრეაციული დასვენებისთვის.

ოკუპანტი ქვეყანა და მის მიერ დასმული ე.წ. ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი ფორმდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.


close დახურვა