PSP-ში აცხადებენ, რომ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილება "დაუსაბუთებელია" და მას გაასაჩივრებენ.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და PSP მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში".
"კომპანია PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს დასკვნას!
PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს მიერ მტკიცებულებების გარეშე მიღებულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია PSP-მ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, დასაბუთების გარეშე, რეკორდულად მცირე დროში გამოიტანა მიკერძოებული და უსაფუძვლო გადაწყვეტილება"- ნათქვამია განცხადებაში.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი - ავერსი, PSP, გეფა (ფარმადეპო, GPC) და მერმისი დააჯარიმა. კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ:
ავერსი: 14 402 425 ლარი;
გეფა: 20 349 336 ლარი;
პსპ: 17 094 872 ლარი;
მერმისი: 951 301 ლარი.