ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".
"პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის შემოღება. პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით ამ თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდამტეხის შემოქმედი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრად აირჩია. თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დატოვა, თუმცა ხუთი წლის შემდეგ მან პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა.
პოლიტიკიდან კვლავ წასვლის შესახებ მან 2021 წელს განაცხადა. ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად პოლიტიკიდან არ წასულა და ამ დროის განმავლობაში პარტიას კულისებიდან მართავდა და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებდა.