logo
ENG



SJC: მოვუწოდებთ თეატრს, დაუყოვნებლივ აღადგინოს გათავისუფლებული თანამშრომლები

30 დეკ 202317:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/9khctu09nz150fd.jpg

სოციალური სამართლიანობის ცენტი ოპერისა და თეატრის გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმაურება და მოუწოდებს ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ აღადგინონ ისინი. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არსებითად უკანონოა და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლებრივ გარანტიებს ეწინააღმდეგება. 

"მიუხედავად იმისა, რომ მშრომელების მოთხოვნა ხელფასების 100%-ით ზრდის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ისინი მზად იყვნენ, დაბრუნებულიყვნენ სამსახურში, 40%-იანი ზრდის პირობით.  თანამშრომლებმა გაფიცვის დასრულების შესახებ ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციას 25 დეკემბერს შეატყობინეს, თუმცა მათ თეატრის შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. გუშინ, 29 დეკემბერს კი დასაქმებულებმა ოპერის ადმინისტრაციისგან ოფიციალური წერილი მიიღეს, რომლის თანახმად, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყდა, ხოლო გაფიცულების პოზიციებზე 5 დეკემბრიდან თეატრმა სხვა პირები აიყვანა", - განმარტავს SJC. 

გარდა ამისა, უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ დასაქმებულებმა რეაგირებისთვის შრომის ინსპექციას ჯერ კიდევ 8 ნოემბერს მიმართეს, თუმცა 29 ნოემბერს ინსპექციასთან აქციის გამართვამდე ინსპექციისგან პასუხი არ მიუღიათ და ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ინსპექციის რეაგირების საკითხი. 

"საქართველოს შრომის კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შრომის დისციპლინის დარღვევად და გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. უკანონო გაფიცვის შემთხვევაც, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება, გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. 

განსაკუთრებით პრობლემურს უწოდებენ იმ გარემოებას, რომ გაფიცული თანამშრომლები პროფკავშირის წევრები იყვნენ, შესაბამისად, დამსაქმებლის ქმედება პროფკავშირის წევრობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს, რასაც კანონმდებლობა კრძალავს. 

საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებზე, რომლის მიხედვითაც მშრომელები, რომლებიც პროფკავშირულ საქმიანობაში, მათ შორის, გაფიცვაში მონაწილეობენ, დაცული უნდა იყვნენ ანტიპროფკავშირული დისკრიმინაციისგან, განსაკუთრებით კი სამსახურიდან გათავისუფლების სახით. ამასთან, ხაზს უსვამენ საერთაშორისო ორგანიზაციის ზოგად მოთხოვნაზეც, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია გაფიცვაში მონაწილეობის გამო, რამე ფორმით დაისაჯონ. 

"გაფიცვის უფლება მშრომელების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაცვის არსებითი ინსტრუმენტია. მიგვაჩნია, რომ  ოპერისა და ბალეტის თეატრის გადაწყვეტილება არღვევს არა მხოლოდ კონკრეტული გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს, არამედ ზოგადად, ხელყოფს გაფიცვის უფლების არსს და ღირსეული შრომის პრინციპს. ამასთან, გაფიცული თანამშრომლების ამ ფორმით გათავისუფლება, "მსუსხავი ეფექტი" გამო, ქმნის სერიოზულ რისკებს მომავალში სხვა ჯგუფების მიერ გაფიცვის უფლების რეალიზაციისთვის", - წერს ორგანიზაცია. 

მოუწოდებენ შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ასევე, მოუწოდებენ სახალხო დამცველს, შეისწავლოს გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლების შემთხვევა, განსაკუთრებით, პროფკავშირის წევრობის ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციის თვალსაზრისით და გათავისუფლებულთა უფლებების აღსადგენად ზომები მიიღოს. 

***

დღეს, 30 დეკემბერს გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრმა განცხადება გაავრცელა, ამბობენ, რომ თეატრის ფუნქციონირება თანამშრომელთა ცალკეული ნაწილის ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული, ამიტომ, "იზრუნეს შემოქმედებითი პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებაზე" და გაფიცული თანამშრომლების ნაცვლად, სხვა პირების მობილიზება უზრუნველყვეს.

გუშინ, 29 დეკემბერს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ წიქარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერის 17 გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოპერის 25 თანამშრომელი 54 დღის წინ გაიფიცა. მანამდე 21 დღე ისინი ადმინისტრაციასთან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. პროფკავშირის ჩართულობით, ოპერის თეატრში შრომის ინსპექცია შევიდა, რის შემდეგაც, ხელფასების 30-40%-იანი ზრდა გადაწყდა. თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა დღეს ისინი შენობაში არ შეუშვეს.

 


close დახურვა