თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური აცხადებს, რომ მისი ძმის მკვლელობიდან ორ თვეზე მეტია გასული, თუმცა ოჯახმა ჯერ კიდევ არ იცის, რა ეტაპზეა გამოძიება.
ამასთან, ნიკოლოზ გინტურსა და საქმის გამომძიებელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათი შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო.
ხვალ თამაზ გინტური პროკურატურაში მივა და გამოძიების შესახებ ინფორმაციას მოისმენს. როგორც ნიკოლოზ გინტური ამბობს, ორი თვის თავზე ოჯახს მხოლოდ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა გამოძიებამ და მას შემდეგ არანაირი ახალი ინფორმაცია არ აქვთ.
"ორ თვეზე მეტია გასული. საქმის მასალები ჯერ არ ვიცით. არ ვიცით, რა ეტაპზეა საქმე. პროკურატურაში ხვალ მეცოდინება საქმე სადამდეა მიყვანილი. ჯერჯერობით არ ვიცი, საქმეს რომ გავეცნობი, ხვალ გეტყვით ყველაფერს. თუ არა და უნდა მივმართო სტრასბურგის სასამართლოს, აქ ჩემი საშველი არ არის. ჩემს ძმას ყურადღების მიქცევა უნდა. მე დავრჩი და მე რომ არ მივხედო ჩემს ძმას, არ გამოდის. ჩამიცხრილეს ძმა.
არავის არ დაურეკავს, მე დავურეკე პროკურორს, გამომძიებელს და დღეს უნდა ეთქვათ, საქმე სადამდე იყო მიყვანილი, მაგრამ როგორც დღეს პროკურორი არ არის ადგილზე, ხვალ მეცოდინება ყველაფერი", - ამბობს ნიკოლოზ გინტური.
თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.